Accessibility links

აჰმედ ჩატაევის იდენტიფიცირებაში ამერიკელი ექსპერტები მონაწილეობდნენ


აჰმედ ჩატაევი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა თბილისში, 1 დეკემბერს გამართულ ბრიფიგნზე განაცხადა, რომ აჰმედ ჩატაევის იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით. გიორგობიანის ინფორმაციით, პირებს, რომელთა წინააღმდეგ 21-22 ნოემბერს ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაცია, თან არ ჰქონდათ ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი. ნინო გიორგობიანის ცნობითვე, იდენტიფიცირების პროცესში ახლაც ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები. ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ და რა მიზნით აღმოჩნდნენ დაჯგუფების წევრები საქართველოს ტერიტორიაზე და ჰყავდათ თუ არა მოკავშირეები, გიორგობიანმა უპასუხა, რომ გამოძიება გრძელდება და ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. მისივე განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით სპეციალური, დამატებითი ღონისძიებების გატარება საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო, თუმცა, უშუალოდ სპეცოპერაციაში ჩართული არ იყვნენ არცერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები. სუს-მა 1 დეკემბერს ოფიციალურად დაადასტურა მანამდე სხვადასხვა წყაროთი გავცრელებული ცნობები, რომ აჰმედ ჩატაევი იყო ერთ-ერთი, ვის წინააღმდეგაც 21-22 ნოემბერს, თბილისში ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაცია. სუს-ის ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. ჩატაევი, რომელიც ჩეჩნეთში მოსკოვის მეორე სამხედრო კამპანიის დროს რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, მოგვიანებით დასახლდა ჯერ დასავლეთ ევროპაში, შემდეგ კი საქართველოში, პანკისის ხეობაში. 2012 წლის აგვისტოში, აჰმედ ჩატაევი ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული “ლაფანყურის სპეცოპერაციის” შედეგად. იმავე წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და გაათავისუფლა, რის შემდეგაც ჩატაევმა საქართველო დატოვა. მოგვიანებით აჰმედ ჩატაევი შეუერთდა ექსტრემისტულ დაჯგუფებას, „ისლამურ სახელმწიფოს.“ თურქეთის ხელისუფლება ჩატაევს მიიჩნევდა ორგანიზატორად სტამბოლის აეროპორტში 2016 წლის ივნისში მომხდარი თავდასხმისა, რომელსაც 40-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG