Accessibility links

CIA-ს ხელმძღვანელმა ირანის გენერალს წერილი მისწერა აშშ-ის ძალების მიმართ მუქარის გამოთქმის გამო


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, CIA-ს, ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ წერილი გაუგზავნა მაღალი რანგის ირანელ გენერალს და გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი ირანს დააკისრებს პასუხიმგებლობას, თუკი აშშ-ის ინტერესებზე მოხდება თავდასხმა ერაყში ირანის მხარდაჭერით მოქმედი ძალების მხრიდან. მაიკ პომპეომ, ორ დეკემბერს, თავდაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ შეკრებაზე, კალიფორნიაში, ვიმი ველიში,თქვა, რომ გენერალ-მაიორ ყასემ სოლეიმინისადმი გაგზავნილი წერილი არასოდეს გაუხსნიათ, მაგრამ მას სურდა მისი გაგზავნა, რადგან სოლეიმანიმ მინიშნება გააკეთა, რომ მისმა ძალებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნან აშშ-ის ინტერესებს ერაყში. სოლეიმანი ირანის რევოლუციური გვარდიის ჯარის უცხოეთში მოქმედი ნაწილების, ყუდსის მეთაურია. ირანის სააგენტო ფარსის მოჰყავს ირანის ოფიციალური სამხედრო წარმომადგენლის ნათქვამი, რომ მისმა მეთაურმა უარი თქვა მიეღო წერილი, რადგან „ჩვენ არაფერი გვაქვს“ სალაპარაკოო. პომპეო ირანთან ბირთვულ სფეროში 2015 წელს მიღწეული საერთაშორისო შეთანხმების ოპონენტია. თუმცა, მან, კალიფორნიაში შეხვედრაზე განაცხადა, რომ თეირანი კვლავ რჩება „ტექნიკურ შესაბამისობაში“ შეთანხმებასთან, რომლის მიხედვითაც ირანს სანქციები უნდა გაუუქმონ მისი მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG