Accessibility links

საჯარო სკოლების უსაფრთხოებას მეთვალყურეობას გაუწევს საპატრულო პოლიციაც


საპატრულო პოლიცია

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მორიგეობენ თბილისის 51-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებთან. უსაფრთხოების ზომების გაძლიერება განაპირობა 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ, როცა არასრუწლოვნებს შორის დაპირისპირებამ იმსხვერპლა ორი მოზარდის სიცოცხლე. ორივე 51-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე იყო. 2 დეკემბერს, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა 16 წლის მოზარდი, რომელიც ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. პოლიცია ამ დრომდე ეძებს მეორე ბრალდებულ არასრულწლოვანს. საქართველოს შსს-ს განცხადებით, საჯარო სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საწყის ეტაპზე ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. 3 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა და განათლების და მეცნიერების მინისტრები, გიორგი გახარია და მიხეილ ჩხენკელი შეთანხმდნენ დანაშაულის პრევენციის მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებასა და მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და პროცესს კოორდინაციას გაუწევს. ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის, საზოგადოებრივი წესრიგისა და სასკოლო დისციპლინის დაცვის გააქტიურება. ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად ჩაერთვებიან სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ.

XS
SM
MD
LG