Accessibility links

პროკურორი მოითხოვს 10 წლით პატიმრობას რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრისათვის


რუსეთის სახელმწიფო ბრალმდებელი მოითხოვს 10 წლით პატიმრობას ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრის, ალექსეი ულიუკაევისათვის. ამის შესახებ მოსკოვში სასამართლოს დარბაზიდან უწყება გამოცემა „გაზეტა.რუ“-ს კორესპონდენტი. ულიუკაევს ასამართლებენ „ქრთამის აღების“ მუხლით. სასამართლოში პროკურორის გამოსვლის შემდეგ ჯერი ადვოკატებზეა. უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, სასამართლომ უარი თქვა, რომ მოწმედ მეხუთედ დაებარებინა ნავთობკომპანია „როსნეფტის" ხელმძღვანელი იგორ სეჩინი. ულიუკაევს წაყენებული აქვს ბრალდება, რომ სეჩინს 2 მილიონი დოლარი გამოსძალა, რათა „როსნეფტისათვის“ მიეცა რეგიონულ ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ ყიდვის ნებართვა. სეჩინი, რომელიც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება, რამდენჯერმე დაიბარეს სასამართლოში ჩვენების მისაცემად, მაგრამ ის ერთხელაც არ გამოცხადებულა მოუცლელობის მიზეზით. ბრალდების მხარის განცხადებით, ულიუკაევი დააკავეს 2016 წლის ნოემბერში, როცა მანქანის საბარგულში უპოვეს 2 მილიონი დოლარი - თანხა, რომელიც მას სეჩინმა გადასცა. ულიუკაევი ირწმუნება, რომ ხაფანგი დაუგეს და რომ ყუთში ფული კი არა ღვინის ბოთლები იდო. მისივე თქმით, მთელი ბრალდება არის პროვოკაცია, რომელიც სეჩინმა და უშიშროების ფედერალურ სამსახურში სეჩინის ხალხმა მოუწყეს.

XS
SM
MD
LG