Accessibility links

სტოლტენბერგი: საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ისაუბრა 5 და 6 დეკემბერს, ასევე ბრიუსელში დანიშნული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ და შეეხო ნატო-საქართველოს კომისიის საკითხსაც. კერძოდ, მან თქვა: "ოთხშაბათს ჩავატარებთ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის მეშვეობით ჩვენ არაერთ სფეროში ვთანამშრომლობთ, კიბერთავდაცვით დაწყებული და ოპერაციების დაგეგმვით დამთავრებული. მუშაობს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი. ნატო აფინანსებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას, რომლის კურსი უკვე ათასამდე სტუდენტმა გაიარა. ამასთანავე, ვიმსჯელებთ სფეროებზე, რომლებშიც კიდევ უფრო მეტად შეიძლება თანამშრომლობის გაღრმავება, როგორიცაა, მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოება". საქართველოს შესახებ ისაუბრა ნატოში აშშ-ის ელჩმა, კეი ბეილიმაც. "ცხადია, აშშ სრულად უჭერს მხარს ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს ქვეყანა ბევრ რამეში გვეხმარება ნატოს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, ავღანეთის ჩათვლით, და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს მასთან თანამშრომლობა იმ პროცესში, რომელიც წინ უძღვის ნატოში გაწევრიანებას" - განაცხადა მან. მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე. ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც გაიმართება, რომელზეც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

XS
SM
MD
LG