Accessibility links

რუსეთმა "უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა რადიო თავისუფლება და რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალება


რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპა, ამერიკის ხმა და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალება. ამ ნაბიჯს წინ უძღვოდა შესაბამისი კანონის მიღება რუსეთის პარლამენტის მიერ, რომელსაც დასავლეთის სახელმწიფოებისა და მედიის თავისუფლების დამცველების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული სიის თანახმად, „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადდნენ ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპა და ჩვენი რადიოს რამდენიმე პროექტი - რუსულენოვანი ტელეარხი „ნასტოიაშჩეე ვრემია“, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახური, რადიო თავისუფლების პლატფორმა „კრიმ.რეალიი“, „კავკაზ.რეალიი“, „ციმბირ.რეალიი“, ფაგტოგრაფი და სხვა. ერთწინადადებიან განცხადებაში, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არ განმარტავს, თუ რა სახის შეზღუდვები ემუქრება ხსენებულ მედიასაშუალებებებს. თუმცა, ადვოკატები აცხადებენ, რომ მედიასაშუალებები იძულებული გახდებიან წარმოადგინონ დეტალური ფინანსური ანგარიში, ხოლო გამოქვეყნებულ მასალებს უნდა გაუკეთდეს წარწერა, რომ ისინი მიღებულია უცხოეთის აგენტის მიერ. „ჩვენ ინფორმირებული ვართ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს დღევანდელი განცხადების თაობაზე, მაგრამ არ მიგვიღია დეტალური ცნობა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს სახელი ჩვენთვის“, - განაცხადა რადიო თავისუფლება/თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა თომას კენტმა და დასძინა, რომ „რადიო თავისუფლება არის ჟურნალისტური კომპანია, რომელიც პროფესიულად აშუქებს ახალ ამბებს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ კვლავაც ერთგული ვართ ზუსტი და ამომწურავი ჟურნალისტიკისა“. სადაოდქცეულ კანონს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 25 ნოემბერს მოაწერა ხელი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG