Accessibility links

ტრამპმა გადადო ისრაელში აშშ-ის საელჩოს შესახებ განცხადების გაკეთება


ისრაელში აშშ-ის საელჩო ქალაქ თელ-ავივში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადადო განცხადების გაკეთება გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის საკითხს. ამის შესახებ 4 დეკემბერს გამოაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა ჰოგან გიდლიმ. მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება „უახლოეს დღეებშია“ მოსალოდნელი. ადრე ტრამპს ნათქვამი აქვს, რომ 4 დეკემბრამდე გადაწყვეტდა, მოაწერს თუ არა ხელს ბრძანებულებას, რომელიც კიდევ ექვსი თვით ახანგრძლივებს უარის თქმას საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანაზე. 1995 წლიდან ასეთ დოკუმენტს ხელს აწერდა აშშ-ის ყოველი პრეზიდენტი, რათა თავიდან აეცილებინა იერუსალიმის გარშემო ისედაც არსებული დაძაბულობის გამწვავება. ამერიკელი ოფიციალური პირების ვარაუდით, ტრამპი, წინამორბედების მსგავსად, ხელს მოაწერს დროებით ბრძანებულებას - პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ უკვე მეორეს - რათა არ დაუშვას საელჩოს გადასვლა იერუსალიმში. არადა, მას წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქვს ნათქვამი, რომ, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საელჩოს იერუსალიმში გადაიტანდა. მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობისთვის მიუღებელია ისრაელის პრეტენზია მთელ იერუსალიმზე, სადაც მდებარეობს ებრაელების, ქრისტიანებისა და მუსლიმებისათვის წმინდა ადგილები. პალესტინელებს სურთ აღმოსავლეთ იერუსალიმის გამოცხადება თავიანთი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG