Accessibility links

აშშ უკრაინას მოუწოდებს, პატივი სცეს კანონის უზენაესობას


ჰიზერ ნოიერტი

აშშ ყურადღებით აკვირდება კიევში განვითარებულ მოვლენებს და მჭიდრო კონტაქტი აქვს უკრაინის მთავრობასთან - ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა. მას ვაშინგტონში, 5 დეკემბერს გამართულ ბრიფიგნზე ჰკითხეს, როგორ აფასებს სახელმწიფო დეპარტამენტი კიევში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინის გაჩხრეკის, დაკავების და გათავისუფლების ფაქტს და ხომ არ თვლის პოლიტიკურად მოტივირებულად. ჰიზერ ნოიერტის თქმით, აშშ-ს უკრაინის მთავრობასთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ეთანხმება. „უკრაინის ხელისუფლებას სიტუაციის დეესკალაციისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ რა თქმა უნდა, ვნახეთ ქუჩის აქციებიც და ყველა მხარეს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ძალადობისგან და დაიცვან კანონის უზენაესობა და საერთაშორისო ვალდებულებები“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა. რაც შეეხება სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში აღძრულ საქმეს, ნოიერტმა აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, უკრაინის, ისევე როგორც სხვა მთავრობებისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ დაკავება, ან დაპატიმრება უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის კანონმდებლობას და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს. ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, აშშ უკრაინას მოუწოდებს, პატივი სცეს კანონის უზენაესობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG