Accessibility links

საერთაშორისო შეშფოთების მიუხედავად, იუწყებიან, რომ ტრამპი მზადაა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად სცნოს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თქმით, შექმნილია "ძალიან კარგი შესაძლებლობა მშვიდობის მისაღწევად" ისრაელსა და პალესტინელებს შორის - მიუხედავად გლობალური შეშფოთებისა იმ ცნობების გამო, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად სცნოს. 6 დეკემბერს ტილერსონმა ბრიუსელში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, ტრამპი "ძალიან ერთგულია" ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისო. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ტრამპი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად 6 დეკემბერს გამოაცხადებდა. თუ ტრამპი დაადასტურებს ისრაელის განაცხადს მთელს იერუსალიმზე, როგორც მის დედაქალაქზე, ეს იქნება რადიკალური ცვლილება აშშ-ის ხანგრძლივი პოლიტიკისა - რომლის ფარგლებშიც ქალაქის სტატუსი უნდა გადაწყვეტილიყო პალესტინელებთან მოლაპარაკებით. პალესტინელებს იერუსალიმის აღმოსავლეთი მათი სამომავლო სახელმწიფოს დედაქალაქად ესახებათ. ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს მთელს ქალაქზე, რომლის გარკვეულ ადგილებს წმინდად მიიჩნევენ მუსლიმები, ებრაელები და ქრისტიანები. ისრაელი ახალ ამბავს დადებითად შეხვდა. მაგრამ პალესტინელები და არაბული ქვეყნების ლიდერები, ისევე, როგორც აშშ-ის წამყვანი მოკავშირეები და გაეროს გენერალური მდივანი, ტრამპს აფრთხილებენ, რომ ეს ნაბიჯი შეიცავს მთელს ახლო აღმოსავლეთში ძალადობის პროვოცირების და სამშვიდობო პროცესის გართულების საფრთხეებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG