Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი: არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი დამოკიდებულების კუთხით რაღაც გამოგვრჩა


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება არა ტომებად დაწერილი სტრატეგიები, არამედ ზომების ახლავე მიღება იმისათვის, რომ სკოლა და მისი შემოგარენიც დაცული იყოს და მშობლებს არ ეშინოდეთ ბავშვების სკოლაში გაშვება. 7 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა თბილისში, 1 დეკემბერს მომხდარ ტრაგედიაზე, როცა არასრულწოვნებს შორის ჩხუბს ემსხვერპლა ორი მოზარდის სიცოცხლე. პრემიერ-მინისტრის თქმით, აუცილებელია შექმნილი ვითარების, საზოგადოების დამოკიდებულების და ბავშვებს შორის დაძაბულობის ფონის გაანალიზება. „ზომები მისაღებია არა რომელიმე უწყების ან თუნდაც, მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ გვჭირდება კომპლექსურად გავაანალიზოთ ეს საკითხი და დროის მინიმალურ პერიოდში შევძლოთ ერთობლივად გავატაროთ ზომები, რომლებიც პირველ რიგში, თავიდან აგვაცილებს ასეთ რამეს და პრევენციას მოახდენს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, მიზეზების სიღრმისეულად გამოკვლევისთვის აუცილებელია, რომ ახალგაზრდებთან ისაუბრონ არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ მთლიანად საზოგადოებამ. „ჩვენ უნდა გავიგოთ მათი დამოკიდებულება, მათი აზრი, როგორ უყურებენ პრობლემას და რას ფიქრობენ არა მხოლოდ იმაზე, რომ ძალადობა არ მოხდეს, არამედ მთლიანად იმ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოების, ჩვენი ოჯახების წინაშე დგას“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი შეფასებით, მხოლოდ ახალგაზრდებთან საუბრითაა შესაძლებელი დასკვნების გამოტანა და სტრატეგიების დასახვა. პრემიერ-მინისტრის თქმით, არასრულწლოვანთა დანაშაულისადმი დამოკიდებულების კუთხით სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ შედეგები მეტყველებს, რომ რაღაც გამორჩათ. გიორგი კვირიკაშვილმა შესაბამის სამინისტროებს კიდევ ერთხელ მიმართა, მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღონ პრევენციული ზომები ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. „უფრო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ფონი მოიხსნას. მოზრდილებს გვმართებს პირველ რიგში, იმ აგრესიული ფონის მოხსნა, რომელიც საზოგადოებაშია“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

XS
SM
MD
LG