Accessibility links

ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი ხელისუფლებას მოუწოდებს პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ


ვანო მერაბიშვილი

საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციის, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ ხელისუფლებას მიმართა, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი. ოთარ კახიძემ, რომელიც ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატია, თბილისში 7 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ კვირაში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის გამო, აზერბაიჯანს მოთხოვა პატიმრის, ილგარ მამადოვის გათავისუფლება. კახიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ავტომატური მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ პატიმრობიდან გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი, რადგან მის მიმართაც სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. „თუ არ გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლების უკანონო მოქმედებებმა დააზიანოს ქვეყნის ინტერესები, საზოგადოებამ უნდა მოვუწოდოთ ხელისუფლებას, დროულად გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და უზრუნველყოს მერაბიშვილის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება“ - განაცხადა კახიძემ. მისი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის საკითხზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი იმსჯელებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის შემდეგ. 28 ნოემბერს, სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები. გადაწყვეტილების საფუძველი იყო ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ 2013 წლის დეკემბერში, გვიან ღამით საკნიდან გადაიყვანეს სხვა შენობაში, სადაც იმჟამინდელმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ მისგან მოითხოვა ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო, საიდუმლო საბანკო ანგარიშების შესახებ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG