Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფლინი თავის ბიზნესპარტნიორს დაჰპირდა, რომ ტრამპი მალე გააუქმებდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს


აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინმა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს გააგზავნა ტექსტური შეტყობინება, რომელიც ეხებოდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაუქმებას. ამის შესახებ ამერიკელ კანონმდებლებს შეატყობინა პირმა, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ. ცნობის თანახმად, ფლინმა თავის ბიზნეს-პარტნიორს მისწერა, რომ უკვე შეიძლებოდა დაეწყოთ აშშ-რუსეთის ერთობლივი ბირთვული პროექტი, რომლისთვისაც საჭირო იქნებოდა სანქციების გაუქმება. ინფორმატორისაგან მიღებული ეს ინფორმაცია წერილობით განცხადებაში გამოაქვეყნა დემოკრატმა სენატორმა ელაიჯა კამინგსმა, რომელმაც „ნდობის ღირსი“ უწოდა ინფორმაციის წყაროს. წყაროს თანახმად, ფლინმა ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს უთხრა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მოხსნა იქნებოდა ტრამპის ერთ-ერთი პირველი ბრძანებულება. თავად ფლინი და თეთრი სახლი ჯერ არ გამოხმაურებიან 6 დეკემბერს გავრცელებულ ცნობას. გასულ კვირაში მაიკლ ფლინმა თავი დამნაშავედ ცნო აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში და ახლა თანამშრომლობს აშშ-ის საგანგებო მრჩეველთან რობერტ მიულერთან, რომელიც იძიებს ტრამპის გუნდის შესაძლო კავშირს რუსეთთან. გადამდგარი გენერალი მაიკლ ფლინი ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გახდა თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაგრამ სულ სამი კვირა დარჩა ამ თანამდებობაზე.

XS
SM
MD
LG