Accessibility links

ნინო ლომჯარიამ დაიწყო სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესრულება


ნინო ლომჯარია

უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა საქართველოს ახალი, რიგით მეექვსე სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. 8 დეკემბერს, თბილისში, ომბუდსმენის ოფისში მისვლის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პირველი საქმე, რომელსაც ყურადღებით შეისწავლის, არასრულწლოვანთა მკვლელობაა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, უახლოეს ხანში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდება თბილისში, 1 დეკემბერს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვნებს. „მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატი დიდი ხანია მუშაობს ბავშვთა უფლებებზე, ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ წარმოაჩინა პრობლემები, რაც არსებობს ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით – სკოლაში არსებული სიტუაციები. ამიტომ, ყველა იმ საქმის შესწავლა, რაც დაკავშირებული იქნება არასრულწლოვანთა შორის ძალადობასთან, იქნება პრიორიტეტული“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან ერთად, პრიორიტეტი იქნება სოციალურ-ეკონომიური, ქალების და შშმ პირების უფლებების დაცვა. ახალი სახალხო დამცველი აპირებს მუშაობა გააძლიეროს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების მიმართულებით. საქართველოს პარლამენტმა ნინო ლომჯარია სახალხო დამცველად 30 ნოემბერს აირჩია, 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ. მისი კანდიდატურა არასამთავრობო სექტორმა წარადგინა. სახალხო დამცველის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიამ შეცვალა უჩა ნანუაშვილი, რომელსაც ხუთწლიანი უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ამოეწურა.

XS
SM
MD
LG