Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელმა და ლონდონმა დაასრულეს Brexit-ის შესახებ მოლაპარაკების პირველი ეტაპი


ტერეზა მეი და ჟან-კლოდ იუნკერი. ბრიუსელი, 2017 წლის 8 დეკემბერი
ტერეზა მეი და ჟან-კლოდ იუნკერი. ბრიუსელი, 2017 წლის 8 დეკემბერი

ევროკომისიამ დასრულებულად გამოაცხადა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის თაობაზე 2017 წლის ივნისში დაწყებული მოლაპარაკების პირველი ეტაპი. 8 დეკემბერს, ბრიუსელში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ურთიერთკომპრომისების შედეგად მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი. ბრიუსელმა და ლონდონმა მოლაპარაკების პირველ ეტაპზე შეათანხმეს რამდენიმე საკითხი. პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, Brexit-ის შემდეგ არაფერი შეიცვლება დიდ ბრიტანეთში მცხოვრები, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის და მათი უფლებები გარანტირებული იქნება ბრიტანული კანონმდებლობით. თავის მხრივ, ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ არაფერი შეიცვლება გაერთიანებული სამეფოს იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრობენ და მათი რეგისტრაცია იაფი და მარტივი იქნება. მხარეებს შორის სადავო იყო ირლანდიასა და ოლსტერს შორის საზღვრის სტატუსი. პრემიერ-მინისტრმა მეიმ განაცხადა, რომ კლასიკური საზღვარი არ იარსებებს და მაქსიმალურად ღია იქნება. ბრიუსელი და ლონდონი ასევე, შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირიდან გასვლის გამო დიდი ბრიტანეთი კომპენსაციას გადაიხდის. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხზე მოლაპარაკება 2018 წელს გაგრძელდება და მხარეები სავაჭრო საკითხებს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG