Accessibility links

პენტაგონი: სირიასა და ერაყში კვლავაც რჩება 3000-მდე ისლამისტი მებრძოლი


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სირიასა და ერაყში ჯერ კიდევ იმყოფებიან ისლამისტი მებრძოლები, 3000-მდე კაცი. ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება რუსეთის განცხადებას, რომლის თანახმადაც სირიის ტერიტორიაზე აღარ არიან დარჩენილი ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები. პენტაგონის წარმომადგენლის, ერიკ პეჰონის თქმით, რუსეთმა ვერ მიაღწია დიდ წინსვლას რეგიონში ტერორიზმთან ბრძოლისას. მანამდე, 7 დეკემბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა გამოაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე განადგურებულ იქნა „ისლამური სახელმწიფოს“ ყველა შენაერთი და რომ საკუთრივ ტერიტორია „გათავისუფლებულია“. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც სირიის არმიამ ჯიჰადისტები რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით განდევნა პროვინცია დეირ-ეზ-ზორის დასახლებებიდან. რუსეთის განცხადება უარყო ორგანიზაცია „კონფლიქტის სადაზვერვო ჯგუფმაც“, რომელიც სირიაში ვითარების მონიტორინგს აწარმოებს. ექსპერტების ინფორმაციით, სირიის ზოგ პროვინციაში კვლავინდებურად აქტიურობს ისლამისტების რამდენიმე დაჯგუფება. რუსეთი 2015 წლის 30 სექტემბერს ჩაერთო სირიის სამოქალაქო ომში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დასახმარებლად. პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ გადაწყვეტილებას ასაბუთებდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის აუცილებლობით. ოფიციალური მონაცემებით, ოპერაციის მსვლელობაში დაიღუპა რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო მოსამსახურე.

XS
SM
MD
LG