Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი უკრაინელებს მოუწოდებს 10 დეკემბერს კიევის ცენტრში, მაიდანზე შეკრებისაკენ


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს მოუწოდებს 10 დეკემბერს კიევის ცენტრში დემონსტრაციაზე შეკრებისაკენ. სააკაშვილმა 7 დეკემბრის საღამოს ფეისბუკში დაწერა, რომ ხმა დაკარგა და სიცხე აქვს, მაგრამ დემონსტრანტებს მაინც მხარში დაუდგება კვირას დღისით,დამოუკიდებლობის მოედანზე. სააკაშვილი გასულ კვირაში, 5 დეკემბერს სამართალდამცველებმა დააკავეს და მანქანაში ჩასვეს, მაგრამ მხარდამჭერებმა ქუჩა გადაკეტეს და პოლიტიკოსი გაათავისუფლეს. ფეისბუკში სააკაშვილი მადლობას უხდის თავის მომხრეებს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2015 წელს დაინიშნა უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორად. ის მომდევნო წელს გადადგა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდა. პოლიციელებმა 6 დეკემბერს განახორციელეს რეიდი პარლამენტთან, ოპოზიციის მხარდამჭერთა კარვებში, ხოლო სააკაშვილს წაუყენეს მოთხოვნა, 24 საათში ჩაბარებოდა სამართალდამცველებს. სააკაშვილმა არ შეასრულა ეს მოთხოვნა. უკრაინის ხელისუფლება მას ბრალად უყენებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმძღვანელობით მოქმედ „კრიმინალურ დაჯგუფებასთან“ კავშირს.

XS
SM
MD
LG