Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწურება მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის ვადა


11 დეკემბერს იწურება უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის და აღკვეთის ზომის შეფარდების ვადა. მისი თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. „ალბათ, სიურპრიზს ამზადებენ და სხდომის დაწყებამდე სამი საათით ადრე გაგვაგებინებენ“ - დაწრა 10 დეკემბერს ღამით, ფეისბუქზე დავით საყვარელიძემ. უკრაინელმა სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს, კიევში დააკავეს და უშიშროების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს აფინანსებდა რუსეთში გაქცეული ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ჯგუფი და ამ აქციების მიზანი იყო უკრაინაში ხელისუფლების მიტაცება და პრორუსული ძალების რევანში. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა. 10 დეკემბერს, კიევში გაიმართა ხალხმრავალი აქცია, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს და გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს გადადგომა.

XS
SM
MD
LG