Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს


მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადაიყვანეს კიევის პეჩერის რაიონის სასამართლოში - ამის შესახებ იუწყებიან ტელეკომპანია NewsOne და ინტერნეტგამოცემა, „უკრაინსკა პრავდა.“ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენის და აღკვეთის ზომის შეფარდების ვადა დღეს, 11 დეკემბერს იწურება. უკრაინელმა სამართალდამცავებმა სააკაშვილი 8 დეკემბერს, კიევში დააკავეს და უშიშროების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს აფინანსებდა რუსეთში გაქცეული ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ჯგუფი და ამ აქციების მიზანი იყო უკრაინაში ხელისუფლების მიტაცება და პრორუსული ძალების რევანში. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG