Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ორი ყოფილი წევრი ელჩის თანამდებობას დაიკავებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში, გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად წარადგინა ვიქტორ დოლიძის, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურები. სამინისტროს მიერ 12 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილი ხელი უკვე მოაწერა მთავრობის განკარგულებას, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის კანდიდატურების წარდგენის შესახებ. ვიქტორ დოლიძე, რომელიც 2016 წელს დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, კარიერული დიპლომატია და 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთოდ უქმდება მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად. ელგუჯა ხოკრიშვილი 2014-2015 წლებში იყო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრი და ეკავა ჯერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ხოლო შემდეგ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა. ამჟამად ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველია. ის ელჩის თანამდებობაზე შეცვლის ლადო ჭანტურიას, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2017 წლის 10 ოქტომბერს აირჩია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლის მოსამართლედ.

XS
SM
MD
LG