Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს ქართულ სასამართლოს


მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა ადვოკატებზე, რომლებიც მის ინტერესებს იცავდნენ ეროვნულ სასამართლოში. 13 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარეს უნდა ეთქვა დასკვნითი სიტყვა, თუმცა ნაცვლად ამისა, ადვოკატებმა მოსამართლეს გააცნეს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომ ის უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას. სააკაშვილის შეფასებით, მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი დასტურია ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა ასევე, განაცხადა, რომ იკვეთება საქართველოს და უკრაინის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობა სააკაშვილის ექსტრადირების მიზნით. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ მის წინააღმდეგ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ამ პროცესში ჩართულია სასამართლო სისტემაც. თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიხეილ სააკაშვილის პოზიციის გაცნობის შემდეგ ადვოკატებმა სხდომა დატოვეს. საქალაქო სასამართლო განიხილავს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ. საქმე ეხება სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებას. შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომელი, რომლებსაც 2006 წლის ივლისში სასამართლომ მიუსაჯა შვიდი და რვა წლით პატიმრობა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წელს შეიწყალა.


გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG