Accessibility links

ერდოანი სახელმწიფოებს მოუწოდებს იერუსალიმი პალესტინელთა დედაქალაქად აღიარონ


თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს "ოკუპირებული იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად" აღიარონ, აშშ-ის მხრიდან ამ გაყოფილი ქალაქის ისრაელის დედაქალაქად ცნობის პასუხად. სტამბოლში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის გახსნისას, ერდოანმა 13 დეკემბერს იერუსალიმს უწოდა "წითელი ხაზი" მუსლიმთათვის, რომლებიც არ შეეგუებიან მათთვის წმინდა ადგილებზე მიტანილ აგრესიას. სასწრაფო წესით მოწვეული შეხვედრა მიზნად ისახავს ერთიანი პოზიციის შემუშავებას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ და ამით რადიკალურად შეცვალა აშშ-ის მიერ ათწლეულების განმავლობაში წარმოებული პოლიტიკა. ტრამპის ნაბიჯს კრიტიკა მოჰყვა აშშ-ის მოკავშირეების მხრიდან ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და სხვა რეგიონებში, მან გამოიწვია შეტაკებები პალესტინელთა ტერიტორიებზე და საპროტესტო გამოსვლები მუსლიმურ სამყაროში. პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, სტამბოლში მიმდინარე სამიტის მონაწილეებს უთხრა, აშშ-ის ამ ნაბიჯმა დაასრულა ამ ქვეყნის, როგორც სამშვიდობო შუამავლის, როლი ახლო აღმოსავლეთშიო. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდა ითანამშრომლონ პალესტინელთა უფლებების დაცვის საკითხში. პალესტინელები იერუსალიმს მიიჩნევენ მათი სამომავლო სახელმწიფოს დედაქალაქად. ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსირება მოახდინა და მთელი ქალაქი საკუთარ დედაქალაქად გამოაცხადა, თუმცა, მისი ეს ნაბიჯი არასოდეს უღიარებია საერთაშორისო თანამეგობრობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG