Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ოფიციალური პირები სკეპტიკურად ეკიდებიან პუტინის განცხადებას სირიიდან ჯარის გაყვანაზე


აშშ-ის ოფიციალური პირები სკეპტიკურად ეკიდებიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებას სირიიდან რუსეთის ჯარის ნაწილობრივ გამოყვანის თაობაზე და ამბობენ, რომ პუტინის სიტყვები ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" დამარცხების თაობაზე ნაადრევია. ჯარის გაყვანის ბრძანება პუტინმა გასცა 11 დეკემბერს, სირიაში რუსეთის საჰაერო ბაზაზე მოულოდნელი ვიზიტის დროს და განაცხადა, რომ რუსეთის და სირიის ძალებმა "გაანადგურეს ყველაზე ბრძოლისუნარიანი საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი". აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 12 დეკემბერს ეჭვები გამოთქვეს ამ შეფასების გარშემო. "ვთვლით, რომ 'ისლამური სახელმწიფოს' დამარცხების შესახებ რუსეთის განცხადებები ნაადრევია" - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა და დასძინა, ახლო წარსულში არაერთხელ გვინახავს ვითარება, როცა გამარჯვების ნაადრევად გამოცხადების შემდეგ სამხედრო მიღწევების კონსოლიდაცია ვერ განხორციელებულა, არ მომხდარა ვითარების სტაბილიზაცია და არ შექმნილა ისეთი პირობები, რომლებიც არ დაუშვებდა ტერორისტების დაბრუნებასო. სირიაში აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიცია, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოს" რუსეთისგან და სირიისგან დამოუკიდებლად ებრძვის, დიდი ხანია სკეპტიციზმს გამოთქვამს რუსეთის განცხადებებზე მისი სამხედრო ძალების შემცირების შესახებ. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო "ფრანს-პრესს" უთხრა, ვაშინგტონის მოლოდინით, პუტინი სირიიდან საჩვენებლად გაიყვანს საჰაერო შეიარაღების ნაწილს და შემდეგ აშშ-საც მოსთხოვს მისი ძალების სირიიდან გაყვანასო.

XS
SM
MD
LG