Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ "ახალი თაობის მეთოდებით" აწარმოებს ბრძოლას


რუსეთმა მწვავედ უპასუხა აშშ-ს იმ განცხადებების გამო, რომლებითაც გამოვიდა თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ეიჩ არ მაკმასტერი. მან მოსკოვს ბრალი დასდო "გაყალბების, დეზინფორმაციის და პროპაგანდის" მრავალი მეთოდის გამოყენებაში, სხვა ქვეყნებში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით. მაკმასტერის თქმით, რუსეთი და ჩინეთი "ძირს უთხრიან საერთაშორისო წესრიგს და სტაბილურობას" და "უგულებელყოფენ მათი მეზობლების სუვერენულ უფლებებს და კანონის უზენაესობას". მაკმასტერის თანახმად, რუსეთი არის პიონერი "ახალი თაობის" ბრძოლაში, რომელიც იყენებს გაყალბებას, დეზინფორმაციას, პროპაგანდას, კიბერსამყაროს შესაძლებლობებს და მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების მოქალაქეებში უთანხმოების და დაპირისპირების გამოწვევას. მაკმასტერმა მიანიშნა აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების წარმომადგენელთა შეფასებაზე, რომ რუსეთი ორკესტრირებულად მოქმედებდა 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მიზნით. პუტინი და რუსეთის სხვა ოფიციალური პირები უარყოფენ ბრალდებებს, რომ მოსკოვი არჩევნებში ჩაერია - მიუხედავად აშშ-ის წარმომადგენელთა განცხადებებისა, რომ არსებობს ამის დამადასტურებელი ბევრი მტკიცებულება. პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა "ძალიან და აბსოლუტურად არასწორი" უწოდა მაკმასტერის განცხადებებს და დასძინა, რუსეთი არ აწარმოებს კომპლექსურ საინფორმაციო ომს აშშ-ის წინააღმდეგო. მაკმასტერის გამოსვლა ვაშინგტონში წინ უსწრებდა 18 დეკემბერს, როცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების თავისი სტრატეგია უნდა წარმოადგინოს.

XS
SM
MD
LG