Accessibility links

იური ლუცენკო: მიხეილ სააკაშვილი არ არის ეჭვმიტანილი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში


მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია არა კურჩენკოს ფულით სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, არამედ იანუკოვიჩი-კურჩენკოს დანაშაულებრივი ჯგუფის დახმარებაში - ამის შესახებ ტელეკომპანია ZIK-ს განუცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ. მისი თქმით, გადატრიალების მცდელობასა და მის დაფინანსებაში ეჭვმიტანილია სააკაშვილის უახლოესი თანამოაზრე, „ახალ ძალთა მოძრაობის“ კიევის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სევერიან დანგაძე. უკრაინელმა სამართალდამაცვებმა დანგაძე გასულ კვირაში დააკავეს სახელმწიფო ღალატის და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებებით. 6 დეკემბერს, კიევის პეჩერის რაიონის სასამართლომ დანგაძეს შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. ამავე სასამართლომ 11 დეკემბერს არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. მიხეილ სააკაშვილი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს. სააკაშვილის განცხადებითვე, გაყალბებულია უკრაინის გენერალური პროკურორის მიერ 5 დეკემბერს გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს მიხეილ სააკაშვილის და უკრაინიდან რუსეთში გაქცეული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს სატელეფონო საუბარს. სააკაშვილთან კავშირი უარყო კურჩენკომაც.

XS
SM
MD
LG