Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ სასამართლოში მიხეილ სააკაშვილს სახაზინო ადვოკატი დაიცავს


მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერის რაიონის სასამართლოში. 2017 წლის 11 დეკემბერი
მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერის რაიონის სასამართლოში. 2017 წლის 11 დეკემბერი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაენიშნა სახაზინო ადვოკატი. თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის ინტერესებს დაიცავს ადვოკატი, სოფიო გოგლიჩიძე. მან 14 დეკემბერს, სასამართლოს თხოვა ერთთვიანი ვადა საქმის მასალების გაცნობისა და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად. ეს ვადა არაგონივრულად მიიჩნია ბრალდების მხარემ, რომელმაც განაცხადა, რომ ადვოკატს ერთი კვირა უნდა მისცემოდა. საბოლოოდ, მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და 22 დეკემბერს დანიშნა სხდომა, რომელზეც სახაზინო ადვოკატმა უნდა წარმოადგინოს დასკვნითი სიტყვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც განიხილავს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესახებ, ადვოკატებს 13 დეკემბერს უნდა წარმოედგინათ დასკვნითი სიტყვა, თუმცა ნაცვლად ამისა, მოსამართლეს გააცნეს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომ უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას და ადვოკატების აცილებას მოითხოვს. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ადვოკატების აცილება მიზნად ისახავს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების გამო. შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომელი, რომლებსაც 2006 წლის ივლისში, სასამართლომ მიუსაჯა შვიდი და რვა წლით პატიმრობა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წელს შეიწყალა.

XS
SM
MD
LG