Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მოწინააღმდეგეები ჰყავს საპარლამენტო უმრავლესობაშიც


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გარკვეული პოზიციები შეჯერდა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე, შეიცვალოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას განსაზღვრავს. ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 14 დეკემბერს საღამოს, დამატებითი განხილვა გაიმართა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან. “პირვანდელი შემოთავაზება იყო, რომ შემოგვეღო ე.წ. სამწვეროვანი ტესტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გადმოდის ევროკონვენციის სტანდარტი, თუმცა ამით ჩარევის საფუძველი ფართოვდება, რაც პირადად ჩემთვისაც მიუღებელია, ისევე როგორც კოლეგების დიდი ნაწილისათვის“ - განაცხადა კობახიძემ 15 დეკემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ცალსახად რჩება ოთხი პირობა, რომელიც გამორიცხავს ინფორმაციის გასაჯაროებას -სახელმწიფო საიდუმლოება, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება და ამასთან, დაკონკრეტდება სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის აღიარების პირობები და საფუძვლები. „აზრთა სხვადასხვაობა იყო იმის შესახებაც, რომ სამართალწარმოების ინტერესებს საფრთხე არ შექმნოდა და ეს ინტერესიც ასახულია ახალ რედაქციაში” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით, საჯარო ინფორმაციის მიღება შეიძლება შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფო, ან საზოგადოებრვი უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად, ან სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ეს ფორმულირება გადმოტანილია ადმიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლიდან. ძირითადმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 13 დეკემბერს, პარლამენტს მოუწოდეს, „არ გაითვალისწინოს იუსტიციის სამინისტროსგან შეთავაზებული ინფორმაციის თავისუფლების შემზღუდავი და საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალი რისკის შემცველი ინიციატივა.“ 15 დეკემბერს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილების არსებული სახით მიღება კიდევ უფრო გაართულებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.„ეს პროცესი დაიწყო მიმდინარე კვირაში და უცებ ვიგებთ, რომ დამატებით შეაქვთ პირობები. ახლა ვიგებთ, რომ ღამით შეკრებილან და გადაუწყვეტიათ, რომ ალტერნატიული შემოთავაზება იყოს. კონსტუტუცია არ არის კანონი, რომელშიც ერთ ღამეში შეიძლება ცვლილების შეტანა“ - განუცხადა ჟურნალისტებს სულხან სალაძემ.

XS
SM
MD
LG