Accessibility links

პრეზიდენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე შეხვედრას გამართავს


გიორგი მარგველაშვილი

18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საკითხით დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შემავალი ცვლილებები ეხება ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს - მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური მაუწყებლის არსებობის საკითხს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში, პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიაროს. მისი თქმით, პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე თავისი პოზიცია გამოხატა, ახლა უკვე პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ხელს მოაწერს თუ არა დოკუმენტს. "მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია იყო თავად პარლამენტში. პირველად ვერსიაზე ბევრი შენიშვნა გამოითქვა და ბევრი რამ იყო გათვალისწინებული. არის საკითხები, რომელიც ბოლომდე ჩვენი კოლეგების მხრიდან სახელდებოდა როგორც პრობლემა, მათ შორის კომერციული რეკლამის და სტარტაპების ნაწილი. მიუხედავად ამისა, ვინაიდან მოლაპარაკებების პროცესში ბევრი შენიშვნა იყო გათვალისწინებული და თვისობრივად გადამუშავდა კანონპროექტი, პარლამენტმა მას მხარი დაუჭირა", - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი. 14 დეკემბერს, პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრას წინ დებატები და დისკუსია უძღვოდა, მათ შორის უმრავლესობის შიგნით.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG