Accessibility links

ბრეტ მაკგურკის განცხადებით, სირიაში ჯერ არ დასრულებულა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა


ბრეტ მაკგურკი

აშშ თვლის, რომ სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ბრეტ მაკგურკმა. მან დააზუსტა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში არ სჯერათ რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისა, რომ ტერორისტები დამარცხებული არიან. მაკგურკის ინფორმაციით, სირიასა და ერაყში, ამ დროისათვის, სამი ათასამდე ჯიჰადისტი რჩება. ის აღნიშნავს, რომ მოსკოვი ჯერ კიდევ ინარჩუნებს სირიაში სამხედრო ძალებს, მიუხედავად მათი განცხადებებისა, რომ დაიწყეს ქვეყნიდან სამხედროების გაყვანა. სპეცწარმომადგენლის სიტყვებით, საერთაშორისო კოალიცია მზადაა ითანამშრომლოს რუსეთის სამხედროებთან იმ სფეროებში, სადაც საერთო ინტერესი აქვთ. მაგალითისათვის მაკგურკმა დაასახელა რუსეთთან თანამშრომლობა დევნილების დახმარების საკითხში, რომლებიც იმყოფებიან სირიისა და იორდანიის საზღვარზე არსებულ ბანაკში. განცხადება იმის შესახებ, რომ სირია საბოლოოდ გათავისუფლდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“, 6 დეკემბერს გააკეთა რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გერასიმოვმა. 11 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოინახულა სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზა და სამხედრო კონტინგენტის სირიიდან გაყვანის ბრძანება გასცა.

XS
SM
MD
LG