Accessibility links

ბრიტანული ფრეგატი აკონტროლებს რუსული სამხედრო გემის გადაადგილებას


სამეფო ფლოტის გემი HMS St. Albans-ი

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობამ განაცხადა, რომ სამეფო ფლოტის ფრეგატი HMS St Albans-ი იძულებული გახდა თანხლება გაეწია რუსეთის სამხედრო ფლოტის გემის, „ადმირალი გორშკოვისთვის,“ რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების მახლობლად გადაადგილდება. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობის ინფორმაციით, დავალების შესასრულებლად ბრიტანულმა გემმა დისლოკაციის ადგილი 23 დეკემბერს დატოვა და 26 დეკემბერს, დღის ბოლომდე შევა პორტსმუტის საზღვაო ბაზაზე. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შობის დღესასწაულის პერიოდში გაიზარდა გაერთიანებული სამეფოს სანაპიროსთან რუსული სამხედრო გემების აქტივობა. თავდაცვის მინისტრის, გევინ უილიამსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უყოყმანოდ დაიცავს თავის ტერიტორიულ წყლებს, არ მოითმენს აგრესიის არცერთ ფორმას და არ შეშინდება, როცა საქმე ეხება ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების დაცვას. დეკემბრის შუა რიცხვებში, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ რუსული სამხედრო გემები საფრთხეს უქმნიან ღრმაწყლოვან ინტერნეტკაბელებს, რომელთა დაზიანება კატასტროფულ შედეგს მოუტანს ნატოს წევრი ქვეყნების ეკონომიკას.

XS
SM
MD
LG