Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი აპირებს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს უკრაინის უშიშროების სამსახურს


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა უკრაინის უშიშროების სამსახურში 26 დეკემბერს დაგეგმილ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზე. ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ კიევში, უშიშროების სამსახურის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უარის მიზეზი დარღვევაა, რადგან ერთ უწყებაში მითითებულია ორი საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვა და ექსპერტიზისთვის ნიმუშების აღება. ადვოკატის თქმით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ საგამოძიებო მოქმედებების ერთად ჩატარებას, ამიტომ უშიშროების სამსახურს მიმართეს, პროცედურა გადადოს და მიხეილ სააკაშვილს გაუგზავნოს ორი სხვადასხვა უწყება. თავად სააკაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სარჩელს ამზადებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, პეჩერის რაიონის სასამართლომ დაადასტურა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მოქმედებდნენ როგორც ბანდიტები, ის სახლიდან გაიტაცეს და ფიზიკური ძალა გამოიყენეს. „ამიტომ, სარჩელს ვამზადებთ უშიშროების სამსახურის წინააღმდეგ და მოვითხოვთ კომპენსაციას გატაცებისთვის, უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, ყველა მათგანი პასუხს აგებს“ - განაცხადა სააკაშვილმა. მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს, კიევში დააკავეს. პროკურატურა ითხოვდა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდებას, რაც 11 დეკემბერს არ დააკმაყოფილა კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ და მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG