Accessibility links

მაკმასტერი: აშშ-ს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი არჩევნებში ჩაერია


თეთრ სახლში ეჭვი არ ეპარებათ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობების უკან კრემლი იდგა. ეს განუცხადა „ამერიკის ხმას“ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჰერბერტ მაკმასტერმა. მაკმასტერი თვლის, რომ აუცილებელია რუსეთის „ერთობ განვითარებული ახალი სტრატეგიისთვის“ წინააღმდეგობის გაწევა. მაკმასტერის თანახმად, ამ სტრატეგიის გამოყენებას რუსეთი შეეცადა არაერთი ქვეყნის საარჩევნო პროცესებში. მრჩევლის თქმით, მოსკოვმა დახვეწა ეს სტრატეგია სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელების და პროპაგანდის გზით. მაკმასტერის მტკიცებით, რუსეთი მიზნად ისახავს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის განხეთქილება შეიტანოს და ერთმანეთის საპირისპიროდ განაწყოს ისინი. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, კრემლი არ შემოფარგლულა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევით. მაკმასტერი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ჩაერია საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და კატალონიის რეფერენდუმში. ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „დესტაბილიზაციის კამპანიისთვის ფარდის ახდა არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ყველს დაანახვებს რუსეთის ნამდვილ ზრახვებს“. რუსეთი ყოველგვარ ჩარევას სხვა სახელმწიფოების საქმეებში უარყოფს.

XS
SM
MD
LG