Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო: აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას გრძელვადიანი ხასიათი აქვს


ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი, მაიკ პომპეო
ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი, მაიკ პომპეო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის, მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსეთი და სხვა ქვეყნები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ საარჩევნო პროცესს აშშ-ში. ტელეკომპანია სიბიეს-თან ინტერვიუში პომპეომ აღნიშნა, რომ რუსეთის ჩარევას გრძელვადიანი ხასიათი აქვს. ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის თქმით, მას აშფოთებს არა მხოლოდ რუსების, არამედ სხვების ძალისხმევაც. მაიკ პომპეოს არ უთქვამს, ვის გულისხმობდა სხვებში და მხოლოდ ის განაცხადა, რომ აშშ-ს ჰყავს ბევრი მტერი, რომელსაც სურს ძირი გამოუთხაროს დასავლურ დემოკრატიას. პომპეოს თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო გააგრძელებს არჩევნების უსაფრთხოებისა და დემოკრატიულობის უზრუნველყოფას და მოქმედებას მათ წინააღმდეგ, ვინც ამას ემუქრება. ამერიკული სპეცსამსახურების დასკვნით, რუსეთი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ეს ჩარევა გამოიხატებოდა პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის ელექტრონულ ფოსტაში შეღწევით და სოციალური ქსელებით პროპაგანდის წარმოებით. რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევას უარყოფს. ამჟამად საქმეს იძიებს სპეციალური პროკურორი, რობერტ მიულერი. აშშ-ში შემდეგი ფართომასშტბიანი არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება. 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილია კონგრესის წარმომადგენელა პალატის სრული შემადგენლობის და სენატის წევრთა მესამედის არჩევნები. ამჟამად კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ.

XS
SM
MD
LG