Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში დააკავეს „მემორიალის“ ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი


ოიუბ ტიტიევი
ოიუბ ტიტიევი

დღეს დილით ჩეჩნეთში დააკავეს რუსეთის უფლებადამცველ ცენტრ „მემორიალის“ ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი. მიღებული ცნობების თანახმად, ტიტიევი მეგობრის მოსანახულებლად მიემგზავრებოდა გროზნოდან კურჩალოის რაიონის სოფელ მაირტუპში, მაგრამ დანიშნულების ადგილას არ ჩავიდა. მაშინ შეშფოთებული მეგობარი თავად გაემართა ტიტიევის მოსაძებნად და გზად დაინახა კიდეც ის - პოლიციელებით გარშემორტყმული. მოგვიანებით ტიტიევი კურჩალოის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ნარკოტიკის შენახვის ბრალდება წაუყენეს. როგორც ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, ტიტიევს აღმოუჩინეს 180 გრამი ნივთიერებისა, რომელსაც „მარიხუანის სპეციფიკური სუნი“ ჰქონდა. როგორც „ნოვაია გაზეტა“ იუწყება, ტიტიევს სისტემატურად ემუქრებოდნენ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე უფლებადამცველი საქმიანობის გამო. „მემორიალის“ ადგილობრივ წარმომადგენლობას ტიტიევი სათავეში ჩაუდგა 2009 წელს, თავისი წინამორბედის, ნატალია ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ.

XS
SM
MD
LG