Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მოითხოვს აფგან მუხთარლის გათავისუფლებას


აფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი

ევროკავშირმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლისთვის 6 წლიანი პატიმრობის შეფარდება სერიოზულ შეკითხვებს აჩენს აზერბაიჯანის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის აზრის გამოხატვის და მედიის თავისუფლების პატივისცემის და სამართლებრივი პროცედურების მიმართ. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ 14 იანვარს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოდან მუხთარლის სავარაუდო გატაცება, რასაც მოჰყვა აზერბაიჯანში მისი დაკავება და სასამართლო პროცესი, კვლავ მოითხოვს დეტალურ და გამჭვირვალე გამოძიებას. ევროკავშირი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განიხილოს ადამიანის ძირითადი უფლებების გამოყენებასთან კავშირის მქონე დაკავების ყველა შემთხვევა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გაათავისუფლოს ყველა ასეთი პირი. 12 იანვარს, აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და ხელისუფლების წარმომადგენლისადმი დაუმორჩილებლობაში და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აფგან მუხთარლის განცხადებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და პოლიტიკური მოტივით იდევნება. აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. მუხთარლი მიიჩნევს, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. ამას უარყოფს საქართველოს ხელისუფლება. აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების გამო, 2017 წლის 20 ივლისს თანამდებობები დატოვეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით ნიკოლეიშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა, ოთარ კუპრაშვილმა. იმავე დღეს შსს-მ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით 30 მაისს აღძრული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადასცა მთავარ პროკურატურას. გამოძიების შედეგი ამ დრომდე უცნობია.

XS
SM
MD
LG