Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველწლიურ ანგარიშში "ჰიუმან რაიტს უოჩი" რადიო თავისუფლების ტელეგაცადემების დახურვაზეც საუბრობს


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, "ჰიუმან რაიტს უოჩი", გასული წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს ვითარებაც გაანალიზებულია. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ანგარიში საუბრობს, ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ რადიო თავისუფლების ტელეგადაცემების დახურვას. საქართველოს შესახებ მთავარ, შემაჯამებელ აბზაცში ვკითხულობთ: "მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, 2017 წელს ნაჩქარევად, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე დაამტკიცა კონსტიტუციური რეფორმები, რათა დასრულებულიყო საქართველოს გადასვლა მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე. ძალაში დარჩა ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილ დარღვევებთან მიმართებით. საქართველომ შეინარჩუნა სადამსჯელო, სისხლის სამართლებრივი დევნის ნარკოპოლიტიკა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა მიმართ. შეშფოთების სხვა სფეროები მოიცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს, შრომის უფლებებს, მედიის თავისუფლებას და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (LGBT) პირების უფლებებს". ანგარიში 90 ქვეყანას მოიცავს და მიმოიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც "ჰიუმან რაიტს უოჩმა" წლის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ჩათვალაო, თქვა გიორგი გოგიამ, "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, 18 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში და დასძინა, რომ საქართველოში წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო იყო მედიის თავისუფლების საკითხები. მედიის თავისუფლება "საზოგადოებისთვის ზოგადად ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან ის უკავშირდება ადამიანის სხვა ბევრ უფლებას - ინფორმირებულობას, გამოხატვის თავისუფლებას" - განაცხადა გოგიამ. მედიის თავისუფლების შესახებ ქვეთავში საუბარია მედიაში მთავრობის ჩარევის შესახებ შეშფოთებაზე, რომელიც გააძლიერა რუსთავი 2-ის მფლობელების შესახებ უთანხმოებამ და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ. იქვე ვკითხულობთ: "თებერვალში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ დახურავდა რამდენიმე პოლიტიკურ ტოკშოუს, რადგან არხის აღჭურვილობის და შინაარსის განახლების გეგმა ჰქონდა. ივნისში მან შეწყვიტა რადიო თავისუფლებასთან ორი ერთობლივი გადაცემა. რეგიონულმა ტელეარხმა, აჭარის ტელევიზიამ, ორივე გაუქმებული გადაცემა თავის ბადეში გადაიტანა".

XS
SM
MD
LG