Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა მიიღო დროებითი ბიუჯეტი


23 იანვრიდან მუშაობას განაახლებენ აშშ-ის სამთავრობო დაწესებულებები, რომლებმაც საქმიანობა 20 იანვარს შეაჩერეს მას შემდეგ, რაც სენატმა ვერ შეძლო ფედერალური ბიუჯეტის მიღება. 22 იანვარს, სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირეს დროებითი ბიუჯეტით ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობას გააგრძელებენ სულ მცირე 8 თებერვლამდე. ამ პერიოდში რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა შეთანხმებას უნდა მიაღწიონ 2018 წლის ფედერალურ ბიუჯეტზე. აშშ-ში ფინანსური წელი 2017 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა, კონგრესი ამ დრომდე ვერ ახერხებს საბოლოო ბიუჯეტის მიღებას. ერთ-ერთ სადავო საკითხად რჩება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ხარჯი, რომლის მნიშვნელოვნად გაზრდას ეწინააღმდეგება დემოკრატიული პარტია. გარდა ამისა, დემოკრატები მოითხოვენ დეპორტაციისგან დაცვას იმ 800 ათასამდე მიგრანტისა, რომლებიც აშშ-ში ჩასვლისას არასრულწლოვნები იყვნენ. დემოკრატმა სენატორებმა დროებით ბიუჯეტს მხარი მას შემდეგ დაუჭირეს, რაც რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი დაპირდა ამ საკითხის განხილვას.

XS
SM
MD
LG