Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი არც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა


თბილისის სააპელაციო სასამართლო
თბილისის სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არ დაკმაყოფილდა დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ. 2017 წლის ივლისში, სამინისტრომ ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ჩაბუქის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 26 იანვარს კანონიერად ცნო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ქართველმა სამართალდამცავებმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისში, თბილისში დააკავეს თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე. ანკარა ჩაბუქს ადანაშაულებს ფეტულა გიულენის „ტერორისტულ ორგანიზაციასთან“ კავშირში, რასაც მუსტაფა ემრე ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს. ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა 23 თებერვალს ეწურება. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გამართულ სხდომებზე მუსტაფა ემრე ჩაბუქმა განაცხადა, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. ამავე მიზეზით, ჩაბუქის ექსტრადიციას დაუშვებლად მიიჩნევენ ქართული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

XS
SM
MD
LG