Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე სავარაუდოდ, სტრასბურგამდე მივა


ადვოკატი სოსო ბარათაშვილი
ადვოკატი სოსო ბარათაშვილი

დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის შეფასებით, ჩაბუქის სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილებას მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს. 26 იანვარს, სოსო ბარათაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება უსამართლო და პოლიტიზებულია. „როდესაც სასამართლო არ იხსენიებს თავის გადაწყვეტილებაში არც ერთ მტკიცებულებას, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საერთოდ არ გააჩნია მტკიცებულები და როცა ჩვენ 600 გვერდზე მეტი მტკიცებულება წარვუდგინეთ სასამართლოს და დამატებით, უახლესი ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა თურქეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ამის ფონზე მხოლოდ ერთი განცდა მრჩება, რომ ეს არის უსამართლობა“ - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა. მისი თქმით, თუ სასამართლოს მეშვეობით დაიწყება ჩაბუქის საექსტრადიციო პროცედურა და სასამართლო იუსტიციის მინისტრს ნებას დართავს გამოსცეს ექსტრადიციის განკარგულება, პროცესის შესაჩერებლად მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. თავის მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ლევან ბარდაველიძემ 26 იანვარს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმის გარემოებები და მასალები სრულყოფილად შეისწავლეს. „პირველი ინსტანციის სასამართლოში ყველა ის გარემოება რასაც ამ საქმესთან შეხება ჰქონდა, ასევე დაწვრილებით შევისწავლეთ და გამოვიკვლიეთ და ვთვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმგვარი, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით ველოდით”, - განაცხადა ლევან ბარდაველიძემ. 26 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არ დაკმაყოფილდა დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ. 2017 წლის ივლისში, სამინისტრომ ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

XS
SM
MD
LG