Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნიუ-იორკ ტაიმსი“: ტრამპმა ივნისში სცადა რობერტ მიულერის მოხსნა


გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ივნისში გასცა განკარგულება სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მოხსნის შესახებ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება გააუქმა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის იურიდიული მრჩეველი დონალდ მაკგანი გადადგომით დაიმუქრა. მიულერს ევალება რუსეთთან ტრამპის საარჩევნო გუნდის სავარაუდო კავშირის გამოძიება. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინფორმაცია ეყრდნობა ოთხი ანონიმური წყაროდან მიღებულ ცნობებს. გაზეთის თანახმად, თეთრი სახლიდან ჯერ არ გამოხმაურებიან თხოვნას ამ თემაზე კომენტარის შესახებ. როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა გასცა განკარგულება მიულერის მოხსნის შესახებ, მაკგანმა გამოაცხადა, რომ გადაგომა ურჩევნია ასეთი ნაბიჯის გადადგმას. აშშ-ის დაზვერვის სამსახურებს დადგენილი აქვთ, რომ რუსეთი ჩაერია აშშ-ში 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის გამარჯვების შანსების გასაუარესებლად. რობერტ მიულერის გუნდი და კონგრესის სამი კომიტეტი ცალ-ცალკე იძიებენ რუსეთის ჩარევისა და მოსკოვთან ტრამპის გუნდის კავშირის შესახებ ბრალდებებს, რომელთაც ტრამპიც და რუსეთიც უარყოფენ.

XS
SM
MD
LG