Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას


მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია. თბილისი, 2017 წლის 7 ივნისი
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია. თბილისი, 2017 წლის 7 ივნისი

21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მიმართა, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს. “ქართული საზოგადოება თითქმის ნახევარი წელია მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ უსამართლობასა და მისი ოჯახის ტრაგედიას ადევნებს თვალს. ქართველმა სამართალდამცავებმა ჩაბუქი 2017 წლის 24 მაისს, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს და მას წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, ხოლო ოჯახის წევრები, მათზე განხორციელებული მუქარის გამო, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართო. დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ საჩივარი, რაზეც თავის მხრივ დამოკიდებულია ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხიც. ექსტრადაციის შემთხევაში დიდია რისკი იმისა, რომ ჩაბუქი დაექვემდებაროს არაადამიანურ მოპყრობას და შესაძლოა, წამების მსხვერპლი გახდეს“ - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 26 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მათი შეფასებით, ჩაბუქის მიმართ განხორციელებული ქმედებები დემირელის სკოლის სხვა მასწავლებლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არაპირდაპირი გზავნილია და ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ საქართველოს ტერიტორიაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დემირელის კოლეჯი და შავი ზღვის უნივერსიტეტი ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებათა ქსელის ნაწილია, რომელიც საქართველოში 24 წელია ფუნქციონირებს და ახალგაზრდებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური პედაგოგების მეშვეობით და მათი ნაწილი საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, უკვე გახდა საქართველოს მოქალაქე. „ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს თხოვნით, გამონაკლისის წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს, ასევე, დემირელის კოლეჯისა და შავი ზღვის უნივერსიტეტის პედაგოგებს, რომლებსაც საქართველოს წინაშე მართლაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება და სურვილი, გახდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ვფიქრობთ, ამ ნაბიჯით მათი უფლებები უფრო მეტად იქნება გარანტირებული და დაცული საქართველოს ტერიტორიაზე” - ნათქვამია 21 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG