Accessibility links

პოლონეთის სენატის გადაწყვეტილებით, კანონით დაისჯება ნაცისტურ დანაშაულთან პოლონეთის დაკავშირება


პოლონეთის სენატმა მხარი დაუჭირა სადავო კანონპროექტს, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს იმის მტკიცებას, რომ ჰოლოკოსტში პოლონელებიც მონაწილეობდნენ. აშშ-ისა და ისრაელისგან გაფრთხილების მიუხედავად, პოლონეთის სენატმა 57 ხმით 23-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ჯარიმით, ან სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება ყველა, ვინც გერმანელი ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებს უწოდებს „პოლონურ სიკვდილის ბანაკებს,“ ან პოლონეთს ბრალად დასდებს ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულში მონაწილეობას. სენატის მიერ 1 თებერვალს მიღებულ კანონპროექტს ხელი უნდა მოაწეროს პოლონეთის პრეზიდენტმა. აშშ და ისრაელი პოლონეთს მოუწოდებდნენ უარი ეთქვა ამ კანონის მიღებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, საჭიროა სიფრთხილე, რათა ჰოლოკოსტზე მსჯელობას ხელი არ შეეშალოს. ნოიერტის თქმით, აშშ-ის პოზიციაა, რომ ღია დებატები და განათლებაა საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიო მცდარ და საზიანო მოსაზრებებს. ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, ისეთი ფრაზები, როგორიცაა „პოლონური სიკვდილის ბანაკები,“ არაზუსტი და საზიანოა, მაგრამ შემაშფოთებელია ისიც, რომ კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს სტრატეგიული ინტერესები და პოლონეთის ურთიერთობები აშშ-თან და ისრაელთან, რაც მომგებიანი იქნება მხოლოდ მოწინააღმდეგე ძალებისთვის. პოლონეთის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელი უწოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 27 იანვარს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს კანონს, რადგან არ შეიძლება ისტორიის შეცვლა და ჰოლოკოსტის უარყოფა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG