Accessibility links

ქაბულში საპროტესტო აქცია გაიმართა პაკისტანის წინააღმდეგ


ქაბულში პაკისტანის საელჩოს წინ ათობით დემონსტრანტმა მოიყარა თავი, ისინი სკანდირებდნენ "სიკვდილი პაკისტანს" და წვავდნენ პაკისტანის დროშებს. 1 თებერვლის დემონსტრაციის ფონია ავღანეთის მაღალი რანგის პოლიტიკოსების დაბრუნება ისლამაბადიდან, სადაც მათ პაკისტანის ხელისუფლებას მოსთხოვეს იმოქმედოს ქვეყანაში განთავსებული ექსტრემისტების წინააღმდეგ. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ავღანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი, მასუმ სტანეკზაი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაის ბარმაკი, რომლებმაც ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ექსტრემისტებმა, რომლებმაც ახლახან ავღანეთში სისხლიანი თავდასხმები მოაწყვეს, წვრთნა პაკისტანში გაიარეს. ქაბულში პაკისტანის საელჩომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა, მისი სისწორის დადგენის მიზნით. ავღანეთის დედაქალაქში ბოლო დღეებში რამდენიმე სისხლიანი თავდასხმა მოხდა, 27 იანვრის თავდასხმამ, რომელზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა, შეიწირა 100-ზე მეტი ადამიანი. ავღანეთი აცხადებს, რომ თავდასხმა მოაწყო ჰაყანის ექსტრემისტულმა ქსელმა, რომელიც პაკისტანშია დაფუძნებული და თალიბანის მოკავშირეა. ავღანეთი, აშშ-სთან ერთად, დიდი ხანია ამბობს, რომ ჰაყანის ქსელმა პაკისტანის ტერიტორიაზე უსაფრთხო თავშესაფარს მიაგნო. ისლამაბადი უარყოფს ბრალდებას, რომ მის ტერიტორიას თავს აფარებენ ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც ავღანეთში აწყობენ თავდასხმებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG