Accessibility links

აშშ-ში სადავოდ რჩება რესპუბლიკელების მიერ მომზადებული საიდუმლო დოკუმენტის საჯაროდ გამოქვეყნების საკითხი


საიდუმლო მემორანდუმის ავტორი, კონგრესმენი დევინ ნუნიესი

2 თებერვალს, აშშ-ში უნდა გამოქვეყნდეს რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებული საიდუმლო მემორანდუმი, რომელშიც საუბარია ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სავარაუდო, უკანონო ქმედებებზე დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის და რუსეთის წარმომადგენელთა შესაძლო კავშირების გამოძიებისას. სააგენტო „როიტერსი" თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტი ტრამპი ინფორმირებულია დოკუმენტის შინაარსის შესახებ და მზად არის დათანხმდეს საჯაროდ გამოქვეყნებას. არაოფიციალური ინფორმაციით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიურო სასამართლოსგან ითხოვდა სანქციას ტრამპის მრჩევლის, კარტერ პეიჯის თვალთვალის მიზნით, თუმცა, სასამართლოს არ შეატყობინა, რომ სანქციის მოთხოვნის ერთ-ერთი საფუძველი იყო მონაცემები ე.წ. ტრამპის დოსიედან, რომელიც ნაწილობრივ დააფინანსა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბმა. რესპუბლიკელების მიერ მომზადებული საიდუმლო მემორანდუმის საჯაროდ გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებიან დემოკრატები. მათი განცხადებით, დოკუმენტი შეიცავს სპეცსამსახურების მუშაობის პოლიტიზების სახიფათო ნიშნებს. მემორანდუმის გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებიან აშშ-ის გენერალური პროკურატურა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროც. მათი შეფასებით, დოკუმენტი ზუსტად არ ასახავს მოვლენებს და მისმა საჯაროდ გამოქვეყნებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სადაზვერვო მონაცემების და მათი მოპოვების მეთოდების გამჟღავნება.

XS
SM
MD
LG