Accessibility links

მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ალი ფერუზს მისცა რუსეთის დატოვების უფლება


ალი ფერუზი

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის, ალი ფერუზის რუსეთიდან უზბეკეთში გაძევების პროცედურა და უფლება მისცა სხვა ქვეყანაში გაემგზავროს. ამასთან, რუსეთიდან გამგზავრებამდე ფერუზი უნდა დარჩეს უცხოელთა დროებითი მოთავსების სპეციალურ დაწესებულებაში. მოსკოვის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ ჟურნალისტს გერმანიაში გასამგზავრებლად გაუფორმეს საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის სპეციალური დოკუმენტი. ალი ფერუზი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა რუსეთში თავშესაფრის მიღებას, 2017 წლის აგვისტოში, მოსკოვში დააკავეს მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით. ჟურნალისტის უზბეკეთში ექსტრადიციის პროცედურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების საფუძველზე შეჩერდა. სტრასბურგის სასამართლომ ალი ფერუზის სარჩელი განსახილველად მიიღო 2017 წლის დეკემბერში. ჟურნალისტი ირწმუნება, რომ თავის სამშობლოში, უზბეკეთში ემუქრება ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში დადანაშაულება, წამება და შესაძლოა, სიცოცხლის მოსპობაც.

XS
SM
MD
LG