Accessibility links

რეგიონული მედია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეს ადანაშაულებს ღირსების შელახვაში


საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს რეგიონებში მომუშავე 15-მა დამოუკიდებელმა მედიაორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი მიმართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო. „იაკობაშვილი უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მის წევრებს და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ ქარტიის დამფუძნებელთა უმრავლესობა რეგიონებიდანაა. იგი უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტების დისკრედიტაციას, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას“ - ნათქვამია მიმართვაში. რეგიონული მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ იაკობაშვილი შეურაცხყოფს და აკნინებს არასამთავრობო ორგანიზაციების იდეას და როლსაც, რაც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ნდობის შესუსტებას. „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტებით. საბჭოს წევრები ირჩევენ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს. საბჭოში ამ მისწრაფებების პირის წევრობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისი მონაწილეობა, საეჭვოს ხდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან საზოგადოების პატივისცემაზე, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული მისიის შესრულებას“ - ნათქვამია მიმართვაში. რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები ხაზს უსვამენ, რომ გიორგი იაკობაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერით, ამიტომ, მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს, საჯაროდ გამოხატონ პოზიცია და გაემიჯნონ მათ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არჩეული პირის განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებს, ამცირებს მათ საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების აღიარების და ერთგულების გამო. რეგიონული მედიასაშუალებები იაკობაშვილის განცხადებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებსაც. მიმართვას ხელს აწერენ: კახეთის საინფორმაციო ცენტრი, გაზეთი „ბათუმელები, „სამხრეთის კარიბჭე,“ პანკისის, მარნეულის და ნინოწმინდის სათემო რადიოები, „ახალი გაზეთი,“ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი, TV25, რადიოკომპანია „ძველი ქალაქი,“ „გურია ნიუსი,“ გაზეთი „კახეთის ხმა,“ სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, ინტერნეტგამოცემა „ქუთაისი პოსტი“ და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.

XS
SM
MD
LG