Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონგრესი თანახმაა საჯაროდ გამოქვეყნდეს დემოკრატების მიერ მომზადებული საიდუმლო დოკუმენტი


კონგრესმენი ედამ შიფი
კონგრესმენი ედამ შიფი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა დემოკრატიული პარტიის მიერ მომზადებული საიდუმლო მემორანდუმის საჯაროდ გამოქვეყნებას. დოკუმენტში სადავოდაა მიჩნეული რესპუბლიკელების მიერ, 2 თებერვალს გამოქვეყნებულ მემორანდუმში მოყვანილი მტკიცება, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამოძიების ფარგლებში, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ სასამართლოსგან უკანონოდ მოიპოვა სანქცია დონალდ ტრამპის მრჩევლის, კარტერ პეიჯის საუბრების მოსასმენად. რესპუბლიკელების მტკცებით, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ სასამართლოს არ შეატყობინა, რომ პეიჯის მიმართ ეჭვის საფუძველი იყო აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დაკვეთით, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, კრისტოფერ სტილის მიერ მომზადებული დოსიე. არაოფიციალური ინფორმაციით, დემოკრატების საპასუხო, საიდუმლო მემორანდუმის თანახმად, სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ ინფორმაციის ნაწილი მოპოვებული იყო პოლიტიკური მოტივით მოქმედი წყაროებისგან. დემოკრატების მიერ მომზადებული საიდუმლო დოკუმენტის საჯაროდ გამოქვეყნების საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მიიღოს. 2 თებერვალს, მისი თანხმობით გამოქვეყნდა რესპუბლიკელების საიდუმლო მემორანდუმი. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საქმეთა კომიტეტის დემოკრატი წევრი ედამ შიფი რესპუბლიკელებს ადანაშაულებს იმაში, რომ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროზე თავდასხმით ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის საქმიანობას. მიულერი იძიებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის და რუსეთის წარმომადგენლების სავარაუდო კავშირებს.

XS
SM
MD
LG