Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხის განხილვა 19 თებერვალს გაგრძელდება


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის სახელობის კოლეჯის ყოფილი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაცვის მხარეს მისცა დრო პროკურატურის შუამდგომლობის შესწავლის და საქმის მასალების გაანალიზებისთვის. ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო და შემდეგი სხდომა 19 თებერვალს დანიშნა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს 5 თებერვალს მიმართა ჩაბუქის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შუამდგომლობით. მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისიდან იმყოფება წინასაექსტრადიციო პატიმრობაში. მის გადაცემას საქართველოსგან ითხოვს თურქეთის ხელისუფლება, რომელიც ჩაბუქს ადანაშაულებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება პოლიტიკური მოტივით დევნის და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე. ამავე მიზეზით, ჩაბუქის ექსტრადიციას დაუშვებლად მიიჩნევენ ქართველი უფლებადამცველები და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. 2017 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა.

XS
SM
MD
LG