Accessibility links

Amnesty International-ი სირიის მთავრობას ადანაშაულებს ქიმიური იარაღის გამოყენებაში


სირიელი ბავშვები აღმოსავლეთ ღუტის პროვინციის სამედიცინო პუნქტში. 2018 წლის 22 იანვარი

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა განაცხადა, რომ 4 თებერვალს, სირიის სამთავრობო ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს იდლიბის პროვინციის ქალაქ სერაქებში, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა 11 ადამიანს. სამოქალაქო თავდაცვის მოხალისეთა ინფორმაციით, ქალაქში ვერტმფრენიდან ჩამოაგდეს ქლორის შემცველი ბომბები. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულია და ის ფაქტი, რომ სირიის მთავრობა თავისუფლად იყენებს აკრძალულ ქიმიურ იარაღს, ადასტურებს სრულ დაუსჯელობას იმ პირებისა, რომლებიც გასცემენ სამხედრო და კაციობრობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის ბრძანებებს. Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებით 4 თებერვალს განხორციელებული თავდასხმიდან მეორე დღეს, გაეროს უშიშროების საბჭომ, რუსეთის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო მიღება აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუციისა, რომელსაც უნდა დაეგმო სირიაში მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება. სირიელი მეამბოხეების ინფორმაციით, 6 თებერვალს ასადის მთავრობის მოკავშირე შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ქლორი გამოიყენეს ქალაქ აფრინის მცხოვრებთა წინააღმდეგაც. მათივე ცნობით დაშავდა 20 ადამიანი, რომელთაგან შვიდის მდგომარეობა მძიმეა. იანვრის ბოლოს, სხვადასხვა წყაროთი გავრცელა ინფორმაცია, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს ოპოზიციის მიერ კონტროლირებულ აღმოსავლეთ ღუტის პროვინციაშიც. ასადის მთავრობა ქიმიური იარაღის გამოყენებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG