Accessibility links

აფგან მუხთარლიმ დროებით დატოვა საპატიმრო დაწესებულება


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პატიმრობიდან დროებით გაათავისუფლეს ახლო ნათესავების გარდაცვალებისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები იუწყებიან იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე დაყრდნობით. ინფორმაცია დაადასტურა ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამ. მან ტვიტერზე დაწერა, რომ აფგან მუხთარლის ნება დართეს ზაქათალაში დაესწროს ნათესავების გარდაცვალებიდან გასული მე-40 დღის სამგლოვიარო ცერემონიას. ზაქათალაში ჩავიდა ხადიჯა ისმაილოვაც. აფგან მუხთარლის და, ნურან საბირ მუხთარლი და ორი დისშვილი 2017 წლის დეკემბერში გარდაცვლილები იპოვნეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში. გარდაცვალების მიზეზად გაზის გაჟონვა დასახელდა. იანვარში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლის არ მისცა ახლო ნათესავების დაკრძალვაზე დასწრების უფლება. ილჰამ ალიევის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. 2018 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანის ბელაქანის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი, რომელიც ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, ვარაუდობს, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. ამას უარყოფს საქართველოს ხელისუფლება. აფგან მუხთარლის საქმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით 2017 წლის ზაფხულიდან იძიებს საქართველოს მთავარი პროკურატურა, თუმცა გამოძიების შედეგი ამ დრომდე უცნობია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG