Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუშაობა შეაჩერეს აშშ-ის ფედერალურმა დაწესებულებებმა


სენატორი რენდ პოლი
სენატორი რენდ პოლი

აშშ-ის ფედერალურმა დაწესებულებებმა მუშაობა იძულებით შეაჩერეს, მას შემდეგ, რაც სენატმა ვერ შეძლო ახალი ბიუჯეტის მიღება. ბოლო 20 დღის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურები უკვე მეორედ აღმოჩნდნენ ე.წ. შათდაუნის მდგომარეობაში. ბიუჯეტზე შეუთანხმებლობის გამო, ფედერალური დაწესებულებები არ მუშაობდნენ 20 იანვრიდან 23 იანვრის პერიოდშიც და საქმიანობა მას შემდეგ განაახლეს, რაც კონგრესმა მიიღო დროებითი ბიუჯეტი. მისი მოქმედების ვადა 8 თებერვალს ამოიწურა. სენატში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ხელმძღვანელები ამ კვირაში შეთანხმდნენ მთელი წლის ბიუჯეტის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდას. თუმცა, 8 თებერვალს გამართულ სხდომაზე, ფედერალური ხარჯების გაზრდის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან, რენდ პოლმა მოახერხა სხდომის გაჭიანურება ისე, რომ სენატორებმა შუაღამემდე ვერ შეძლეს კენჭისყრის ჩატარება. სენატი უახლოეს საათებში კვლავ შეიკრიბება და ბიუჯეტის მიღებას შეეცდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი უნდა დაუჭიროს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც. მისი რესპუბლიკელი სპიკერის, პოლ რაიანის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტს მხარდამჭერები საკმარისად ჰყავს. ამასთან, არაერთი რესპუბლიკელი კონგრესმენიც ეწინააღმდეგება ფედერალური ხარჯების გაზრდას. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, რომელზეც რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების წინასწარი შეთანხმება არსებობს, ეწინააღმდეგებიან დემოკრატი კონგრესმენებიც. მათ უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ დოკუმენტი არ შეიცავს აშშ-ში არასრულწოვან ასაკში ჩასული მიგრანტების ლეგალიზაციის ვალდებულებას.

XS
SM
MD
LG